აშშ-სა და ირანს შორის გამართული მრავალსაათიანი პირდაპირი მოლაპარაკებები კრახით დასრულდა. 

ვაშინგტონი თეირანს ბირთვულ განიარაღებაზე უარის თქმაში ადანაშაულებს და რეგიონში საზღვაო ბლოკადას იწყებს, რასაც ირანი „სიკვდილის მორევით“ ემუქრება.

ისლამაბადში გამართული  მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ, ირანი და პაკისტანი მონაწილეობდნენ, კვირას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დაიშალა. ამერიკულმა დელეგაციამ პაკისტანის დედაქალაქი უკვე დატოვა. 

როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, თეირანისგან ვერ მიიღეს „მყარი გარანტიები” ბირთვული შეიარაღების პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ვაშინგტონის განცხადებით, მათ მაგიდაზე დადეს „საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება“, თუმცა ირანულმა მხარემ მათ მოთხოვნებს არაგონივრული უწოდა, რამაც დიპლომატიური პროცესი ჩიხში შეიყვანა.

მოლაპარაკებების ჩავარდნის პარალელურად, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ჩინეთიც გააფრთხილა. მისი თქმით, თუ პეკინი ირანს სამხედრო დახმარებას გაუწევს, ჩინურ პროდუქციაზე 50%-იანი საბაჟო ტარიფი დაწესდება.

ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკირების განკარგულება გასცა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ამ გადაწყვეტილებას მყისიერად გამოეხმაურა და აშშ-ს დაემუქრა, რომ ნებისმიერ აგრესიას „სიკვდილის მორევით” უპსსუხებენ. 
რა ბედი ელის ზავს? - ამ მთავარ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფორმალურად ნარჩუნდება, თუმცა ჰორმუზის სრუტეში დაანონსებული ბლოკადა რეგიონს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე აყენებს.