ირანმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გააფრთხილა, რომ აშშ-ის სამხედრო ობიექტები ახლო აღმოსავლეთში "ლეგიტიმურ სამიზნეებად" გადაიქცევა, თუ აშშ ქვეყანას თავს დაესხმება. ამის შესახებ აღნიშნულია გაეროში ირანის ელჩის, ამირ-საეიდ ირავანის მიერ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი გაგზავნილ წერილში.

გაეროს გენერალური მდივნისადმი მიმართვაში ირანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები გააპროტესტა, რომლებიც მისი თქმით, "სამხედრო აგრესიის რეალურ რისკზე" მიუთითებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ თეირანს ომი არ სურს, თუმცა "მტკიცედ" უპასუხებს, თუ ვაშინგტონი სამხედრო დარტყმას მიაყენებს.

"თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა", - ნათქვამია წერილში.