გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ "სავსებით სავარაუდოა", მომავალში ევროპამ "რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარება შეძლოს". ამის შესახებ მან სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

"ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს თავად რუსეთთან ან რუს ხალხთან. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ახლანდელ რუსულ რეჟიმთან, რომელმაც წამოიწყო და აწარმოებს ამ უკანონო აგრესიულ ომს", — განაცხადა მინისტრმა. ამიტომ, ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა, "ამჟამად და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ევროპული უსაფრთხოება უნდა აშენდეს არა რუსეთთან ერთად, არამედ რუსეთის წინააღმდეგ".

ამავდროულად, ევროპელებმა უკვე ახლა უნდა განსაზღვრონ რუსეთის ფედერაციასთან მომავალი ურთიერთობების ფორმატი, ამისთვის კი საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. მინისტრის თქმით, "ახლა არის ნიშნები იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს". ვადეფულმა მოუწოდა, "არ დავუშვათ, რომ აშშ-მა შეინარჩუნოს მონოპოლია მოლაპარაკებების წარმართვაზე" უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ. "ჩვენ მათში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ომი ხომ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს", — აღნიშნა ვადეფულმა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ომის შეწყვეტასთან დაკავშირებული "ნებისმიერი შეთანხმება", პირველ რიგში, თავად უკრაინის მიერ უნდა იყოს მოწონებული.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეისათვის რუსეთი არ ავლენს მზადყოფნის ნიშნებს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩასართავად. ამიტომ, ევროპელი პარტნიორები "მტკიცედ არიან განწყობილნი, გააგრძელონ უკრაინისთვის ყოველმხრივი მხარდაჭერის გაწევა — პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ".

პირველ რიგში, საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე. ვადეფულმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა მუდმივად ეძებს გზებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების უზრუნველსაყოფად. თუმცა "ბევრმა სახელმწიფომ, გერმანიის ჩათვლით, უკვე მიაღწია საკუთარი უსაფრთხოების დაუზიანებლად სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობების ზღვარს".

მინისტრმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნისას, მან მოლაპარაკებები გამართა კოლეგებთან ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან და გამოთქვა რწმენა, რომ "სულ მცირე, კიდევ ორი ქვეყნის მინისტრები მალე გამოაცხადებენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ და გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რათა ეს საშინელი ომი, რომელსაც ორივე მხრიდან უამრავი სიცოცხლე შეეწირა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს", — განაცხადა ვადეფულმა.