ინდოეთის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანის კონტროლირებად ტერიტორიებზე ქაშმირში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BBC იუწყება. რამდენიმე დღის წინ დელიმ ისლამაბადი იმ ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა, რომლებიც ქაშმირში, ინდოეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტურისტებს დაესხნენ თავს.
"ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია "სინდური" პაკისტანის ტერიტორიაზე არსებული ტერორისტული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად, რომლებიც განლაგებულია პაკისტანის მიერ ოკუპირებულ ჯამუსა და ქაშმირის რაიონებში" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 9 სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას.
სააგენტო REUTERS-ის ცნობით, ინდოელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ისლამისტების ტერორისტული დაჯგუფებების ბაზებია.
პაკისტანის არმია ამტკიცებს, რომ სარაკეტო იერიში დასახლებულ პუნქტებზე განხორციელდა და ინდურმა სამხედრო თვითმფრინავებმა თავდასხმა საკუთარი საჰაერო სივრციდან განახორციელეს.
პაკისტანის არმიის პრეს-ატაშემ აჰმედ შარიფმა BBC-ს განუცხადა, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთა შორის 2 ბავშვია.
პაკისტანის სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები იმუქრებიან, რომ ისლამაბადი თავდასხმებს მათთვის მოსახერხებელ დროს და ტერიტორიაზე უპასუხებენ.
ინდური წყაროების ცნობით, ინდოეთის არმიამ საარტირელიო ცეცხლი გახსნა სასაზღვრო რაიონში.