სოციალურ ქსელის „ტვიტერის", კოსმოსური კომპანია SpaceX-ის და ელექტრომობილ„ტესლას" მწარმოებელი ილონ მასკი ბიზნესმენ და ქველმოქმედ ჯორჯ სოროსის შესახებ ტვიტების გამო ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. მასკი აცხადებს, რომ ეს მას არ აწუხებს და გააგრძელებს რეზონანსული ტვიტების წერას თავის სოციალურ ქსელში მაშინაც კი, თუ ეს მის კომპანიას ზარალს მოუტანს.
სამშაბათს ილონ მასკმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოროსი, მილიარდერი ფინანსისტი, რომელმაც ათობით მილიარდი დოლარი შესწირა ქველმოქმედებას, მოაგონებს მას მაგნეტოს - ებრაელ ბოროტმოქმედს სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმებიდან „იქს-ადამიანები"
სოროსი დაიბადა ებრაულ ოჯახში უნგრეთში 1930-იან წლებში და გადაურჩა ნაცისტების მიერ თავისი ქვეყნის ოკუპაციას. მაგნეტო „იქს-ადამიანებიდან", ამ ფილმების ავტორების თქმით, გერმანელი ებრაელი ოჯახიდანაა და ბავშვობაში გადაურჩა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკს.
მასკმა არ განუმარტავს, რატომ იწვევს სოროსი მასში ასეთ ასოციაციებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორეტიკოსები სოროსს ხშირად ასახავენ როგორც ბოროტმოქმედს და წარმოაჩენენ მას რაღაც მსოფლიო ებრაული შეთქმულების მთავარ ფიგურად, კომენტატორებმა მასკი დაადანაშაულეს ანტისემიტიზმში და შეთქმულების თეორეტიკოსების ხელშეწყობაში.
ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც მასკის პოსტს გამოეხმაურა, ამერიკელი ჟურნალისტი ბრაიან კრასენშტეინი იყო. მან დაწერა, რომ სოროსს „დაუნდობლად ესხმიან თავს მისი კეთილი ზრახვების გამო", რაზედაც მასკმა უპასუხა: „თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კეთილი ზრახვებია. ეს ზრახვები ასეთი არაა. მას სურს გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა. სოროსს სძულს კაცობრიობა".
იმის გათვალისწინებით, რომ მასკს თითქმის 140 მილიონი გამომწერი ჰყავს Twitter-ზე, ბევრს აწუხებს ბიზნესმენის ასეთი განცხადებები და შედეგები, რაც მათ შეიძლება მოჰყვეს.
„უკიდურესად მემარჯვენეები, ანტისემიტური კლიშეების შესაბამისად, ხშირად ასახელებენ სოროსს, როგორც მსოფლიო პრობლემების წყაროს. და ის ფაქტი, რომ ილონ მასკი, განზრახ თუ უნებლიედ, ეხმიანება ამ იდეებს - ადარებს მას ებრაელ სუპერბოროტმოქმედთან და აცხადებს, რომ სოროსს „სძულს კაცობრიობა" - არა მხოლოდ გულსატკენია, არამედ საშიშია: ეს შთააგონებს ექსტრემისტებს, რომლებიც თხზავენ ანტიებრაულ შეთქმულებებს და ცდილობენ სოროსსა და ებრაულ თემებზე თავდასხმას", - წერს ჯონათან გრინბლატი, ებრაული უფლებადამცველი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადატვიტაა ციფრული დიპლომატიის ისრაელის ბიუროს დირექტორის, დევიდ სარანგის პოსტი „ტვიტერზე" ტრენდების შესახებ მონაცემებით: მასკის პოსტის შემდეგ ინტერნეტში 27000 ტვიტი გამოჩნდა ტერმინით „ებრაელები“.
ასეთ რეაქციებთან დაკავშირებით მასკმა ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ აპირებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და არ ეშინია „ტვიტერის" სარეკლამო შემოსავლის - კომპანიას შემოსავლის ძირითადი ნაწილის - დაკარგვის.
„ვიტყვი ყველაფერს, რასაც საჭიროდ მივიჩნევ და თუ ამის შედეგი ფულის დაკარგვა იქნება, იყოს“, - თქვა მასკმა და დასძინა, რომ საერთოდ არ არის ანტისემიტი და საკუთარ თავს, პირიქით, „პროსემიტს“ უწოდებს.
სამი საათის წინ მასკმა სოროსზე ტვიტის ქვეშ ორი ახალი ტვიტი გამოაქვეყნა.
„ბოდიში მინდა მოვიხადო ამ პოსტისთვის".
„ეს მართლაც უსამართლო იყო მაგნეტოს მიმართ", - წერს ილონ მასკი