ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ამავდროულად, ბაქო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, საუბრისას განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი და ხაზი გაესვა აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო დღის წესრიგის გასაძლიერებლად გადადგმულ ნაბიჯებს.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე დამყარებულია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ამ მხრივ, ითქვა, რომ ბაქომ ცალმხრივად მოხსნა შეზღუდვები სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მონაწილეობა „ევროპის პოლიტიკური კავშირის“ მე-8 სამიტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ერევანში ვიდეოკავშირის ფორმატში გაიმართა, ისტორიულ მოვლენად შეფასდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად აზერბაიჯანისა და ევროკავშირის დღის წესრიგში დგას ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, განახლებადი ენერგიისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. საუბრის დროს დადებითად შეფასდა ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ განაღმვის სფეროში და აღინიშნა, რომ „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყება კარგ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონში კავშირების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, კაია კალასმა ისაუბრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ერთობლივი განცხადების მიღების მნიშვნელობაზე და ამ დოკუმენტში აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათზე.