„ჰამასის" ისრაელზე ტერორისტული თავდასხმიდან განვლილი არასრული 7 თვის განმავლობაში ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა და „ჰამასი" დაგმო. ამასთან, გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ჰამასი" არ გამოხატავს პალესტინელი ხალხის ინტერესს და ისრაელის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების და რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის პალესტინის ცნობა არაა ხელშემშლელი ფაქტორი.
გუშინ, სლოვენიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ უერთდება იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოებრიობას.
პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
ამრიგად, იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც პალესტინა აღიარეს, ერთით გაიზრდება და 146-ს მიაღწევს. აქედან რვა ქვეყანამ პალესტინა ბოლო პერიოდში ცნო:
ბარბადოსი - 19 აპრილი
იამაიკა - 22 აპრილი
ტრინიდადი და ტობაგო - 2 მაისი
ბაჰამები - 7 მაისი
ესპანეთი - 28 მაისი
ირლანდია - 28 მაისი
ნორვეგია - 28 მაისი
სლოვენია - ?
გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 47 იმ ქვეყანას შორის, რომლების არ ცნობენ პალესტინას, არიან აშშ, კანადა, მექსიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, კორეა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან. აგრეთვე არ ცნობს პალესტინას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ხორვატია, პორტუგალია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, სომხეთი.