ჰაკერებმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე შეტევა განახორციელეს. შეფასებებით, ზარალმა, შესაძლოა, 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ინციდენტი კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ქურდობა შეიძლება გახდეს, — წერს Reuters.
Binance-ის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოპარული სახსრების გასაყინად ძალისხმევას არ იშურებენ. პუბლიკაციის მომენტისთვის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ადგილსამყოფელის დადგენა შეძლო.
ამავდროულად, კომპანია Binance-ის თანადამფუძნებელმა, ი ჰემ X-ის მიკრობლოგში დაწერა, რომ უსაფრთხოების სფეროში მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმ ინჟინრის ნოუთბუქის გატეხვასთან, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებითა და მხარდაჭერით არის დაკავებული. პოსტის თანახმად, ამ გატეხვამ ბოროტმოქმედს საშუალება მისცა, წვდომა მიეღო სერვისულ კონტეინერზე და თანხების გატანის არასანქცირებული ტრანზაქციების ინიციირება მოეხდინა. ი ჰეს თქმით, კომპანიაში საფულეების საიდუმლო გასაღებების გაჟონვის ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს.
მან დასძინა, რომ Binance კლიენტებს ყველა დანაკარგს აუნაზღაურებს. თუმცა, კომპანიის ცნობით, სიფრთხილის მიზნით, შემოწმების პერიოდში ყველა გადახდა და ჩარიცხვა შეჩერდება.
როგორც Reuters იუწყება, აზიურმა ბაზრებმა მომხდარზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. კერძოდ, ბიტკოინის ღირებულება 3%-ზე მეტით დაეცა და ბოლო სამი კვირის მინიმალურ დონეს — 76 368 დოლარს გაუტოლდა, ხოლო ეთერის (Ethereum) ღირებულება ასევე 3%-ზე მეტით შემცირდა და ბოლო ორი თვის მინიმალურ დონეს — 2178 აშშ დოლარს მიაღწია.
აღინიშნება, რომ ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში კრიპტოვალუტის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის. მაგალითად, კომპანია TRM Labs-ის მონაცემებით, გასულ წელს ჰაკერული გატეხის დაახლოებით 150 მცდელობა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს.




