ღაზის სექტორში დილიდან ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების შედეგად ექვსი ახალი გარდაცვალების შემთხვევა მოხდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
არაბული მედიის თანახმად, ომის დაწყებიდან შიმშილთან დაკავშირებული მიზეზებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 181-მდე გაიზარდა, მათ შორის 94 ბავშვია.
არაბული მედიის თანახმად, ისრაელის მიერ 27 ივლისს შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ღაზაში მხოლოდ 674 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შევიდა, რაც დღეში, საშუალოდ მხოლოდ 84 სატვირთო მანქანას შეადგენს. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ღაზას დღეში მინიმუმ 600 სატვირთო მანქანა სჭირდება ძირითადი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.