ირანის ნავთობის სამინისტროს თანახმად, ისრაელმა თეირანთან ორ ნავთობტერმინალზე მიიტანა იერიში. ერთ-ერთი მათგანი შაჰრანის ნავთობტერმინალია. 

მანამდე, ირანის ნავთობის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო, SHANA ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ისრაელმა თეირანთან ახლოს მდებარე შაჰრანის ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანა. 

სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოს მტკიცებით, "სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება". 

როგორც The New York Times წერდა, ნავთობის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ ისრაელის იერიშის შემდეგ ნავთობტერმინალები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა და ახლოს მდებარე საცხოვრებელ ტერიტორიას საფრთხეს უქმნიდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამჟამად არ გაუკეთებია. 

მანამდე, ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის საბადოზე მიიტანა იერიში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში დაიწყო.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება განაახლა. 

ირანული ბალისტიკური რაკეტა ისრაელში ქალაქ ტამრაში იორსართულიან სახლს მოხვდა, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.  

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.