გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მრჩეველი გინტერ ზაუტტერი და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმ სპეციალური მატარებლის მგზავრები იყვნენ, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს რუსული დრონებით იერიშის მიტანის დროს შეჩერდა.
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, დასავლელ მაღალჩინოსნებთან ერთად, მატარებელი კიევიდან პოლონეთის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც, ვოლინის ოლქში, "იაგოდინის" სასაზღვრო პუნქტთან ახლოს საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მატარებელი, დაახლოებით, დილის 5 საათზე შეჩერდა და მგზავრებს, უსაფრთხოების მიზნით, დროებითი ევაკუაციისთვის მომზადება მოსთხოვეს, თუმცა მოგვიანებით განგაში მოიხსნა და მატარებელმა გზა განაგრძო.
როგორც ირკვევა, იერიშის მთავარი სამიზნე იმავე რკინიგზაზე მოძრავი კიევი-ვარშავის სამგზავრო მატარებელი გახდა, რომლის ლოკომოტივსაც დრონი დაეცა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ეს დრონებით თავდასხმები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ბრმა ტერორი და პუტინის ომის სახიფათო ესკალაციაა. რუსეთი სულ უფრო უპრინციპო ხდება და ცეცხლს ეთამაშება ზუსტად ევროკავშირისა და NATO-ს საზღვართან", — განაცხადა მატარებელში მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, რობინ ვაგნერმა.




