მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, "ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 43 წლის ციან გ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია "აკრედიტებული თანაშემწე".
ციან გ. ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში და გერმანიის პარლამენტის მუშაობის შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემაში.
გერმანიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ციან გ. ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია და რომ მიმდინარე წლის იანვარში მან თავის დამკვეთებს გადასცა ინფორმაცია ევროპარლამენტში მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ.
“ალტერნატივა გერმანიისთვის” პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ციან გ.-ს დაკავების შესახებ ცნობები "ძალიან შემაშფოთებელია".