ევროკავშირის ხუთ ქვეყანას, გერმანიას, დანიას, ავსტრიას, ნიდერლანდებსა და საბერძნეთს სურთ, რომ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, მესამე ქვეყნებში, უკვე 2027 წლიდან შესაძლებელი გახდეს. 

ამის შესახებ ევროპელი მინისტრები, კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ისინი იმედოვნებენ, რომ მესამე ქვეყნებთან სადეპორტაციო ცენტრების შექმნაზე შეთანხმებას წლის ბოლოსთვის შეძლებენ. ამ ცენტრებში გაიგზავნებიან ის მიგრანტები, რომელთაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, თუმცა მათი დეპორტაცია თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება. გამონაკლისი იქნებიან უმეთვალყურეოდ დარჩენილი არასრულწლოვნები.

ამასთან მინისტრები არ აჟღერებენ, კონკრეტულად თუ რომელ ქვეყნებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სადეპორტაციო ჰაბების გახსნასთან დაკავშირებით.

მედიაში, ვრცელდებოდა ცნობები უგანდაზე, რუანდაზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე, თუმცა ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ეს შესაძლებლობა უარყვეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროპის საბჭო ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და შიშობენ, რომ დაირღვევა ადამიანის უფლებები, რამდენადაც მიგრანტების გაგზავნა მოხდება ისეთ ქვეყნებში, რომლებთანაც თავშესაფრის მაძიებლებს არანაირი კავშირი არ აქვთ.