გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან დარტყმები განახორციელეს. იერიშისას ასევე გამოიყენეს ათობით დრონი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა, ასევე დაზიანდა მრავალსართულიანი შენობის ფანჯრები და ფასადი. ხანძრები გაჩნდა.
"ზაპოროჟიესა და ვასილიევის რაიონებში მტრის თავდასხმების შედეგად სამი ქალი დაიჭრა. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლებულ პუნქტზე 457 დარტყმა განახორციელეს", - დასძინა მან.
მისივე ცნობით, კერძო სახლების, ავტოფარეხებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ ადმინისტრაციამ 23 შეტყობინება მიიღო.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეზე ოკუპანტების დარტყმის შედეგად 69 წლის ქალი დაშავდა.
დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დაფიქსირდა.
აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანეს კერძო და საცხოვრებელი შენობები და მოქალაქეების სატრანსპორტო საშუალებები.
პრიმორსკოეში ორი, ასაკოვანი ქალი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანდაზმულთა პანსიონატის სახლის ფასადი დაზიანდა, ჩაიმსხვრა ფანჯრები.