გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაიცვას, - ამის შესახებ განცხადებას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
"გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისი ქვეყნის მომავლის შესახებ შეხედულებების გამოხატვა თავისუფლად და მშვიდობიანად უნდა შეეძლოს", - აცხადებს ვოლკერ თურქი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამაღიზიანებლები გამოიყენეს. ასევე, ზოგიერთ მათგანს უცნობი პირები დაედევნენ და სცემეს.
ასევე, უმაღლესი კომისარი დემონსტრანტებს საკუთარი უფლებების მშვიდობიანი გზით გამოხატვისკენ მოუწოდებს:
"გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგიერთმა უსაფრთხოების ძალებს ქვები, ფოიერვერკები და ბოთლები ესროლა და პარლამენტის შენობა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინიმუმ მისი 113 თანამშრომელი დაშავდა".
ვოლკერ თურქის განცხადებით, "დარღვევებზე დამნაშავედ გამოვლენილმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს და ასევე, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განცხადებების გამოძიება უნდა მოხდეს".
"ამ მხრივ გამოწვევას სპეცრაზმის ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების ან სახელების არარსებობა წარმოადგენს. ეს ინციდენტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას, როდესაც საქმე საქართველოში სამართალდამცველების ინდივიდუალური ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბებას ეხება", - აღნიშნავს ვოლკერ თურქი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, "ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შორის ბავშვებიც არიან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მათი უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს".
მისივე თქმით, "ყველა, ვინც დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების კანონიერი გამოყენების გამო, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს".
"ყველა სხვა ბრალდებულს სათანადო პროცესის, უდანაშაულობის პრეზუმფციის, ადვოკატის, ასევე, წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების უფლება გარანტირებული უნდა ჰქონდეს მოვუწოდებ საზოგადოების ყველა შემადგენელ ნაწილს, მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნოს და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის გზით, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დადგენილი სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით გადაჭრას", - აღნიშნავს ვოლკერ თურქი.