პარასკევს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პერუს მიერ წარმოდგენილი  რეზოლუციის პროექტის კონსენსუსით მიღების შემდეგ 30 მაისი კარტოფილის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პატივი მიაგო კარტოფილს და მხედველობაში მიიღო რა მისი როლი ეკონომიკური განვითარებაში და სურსათის უსაფრთხოებასა და კვებაში 30 მაისი კარტოფილის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 

ყოველწლიური დღესასწაულის დაწესება ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მდგრადი წარმოების და დამატებითი ღირებულების ჯაჭვის სტაბილურობასთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხებში, წყლისა და სასუქების ხელმისაწვდომობის ჩათვლით და კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს მის საკვანძო მნიშვნელობას შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ნათქვამია გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ  კარტოფილის საერთაშორისო დღის დაწესებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

პერუს პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პერუს ძალისხმევით მომზადებულ რეზოლუციის პროექტის 21 ძირითად თანაავტორს შორის ერთ-ერთი საქართველო იყო.  

კარტოფილის საერთაშორისო დღის დაწესება, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, ასტიმულირებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სურსათის უსაფრთხოებას, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის ფუნქციების შენარჩუნებას, - განაცხადა ვიქტორ გარსია ტომამ, პერუს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში.

ცნობისთვის, კარტოფილის წარმოების პროცესში ატმოსფეროში ბევრად ნაკლები სათბურის გაზი გაიფრქვევა, ვიდრე სხვა კულტურების წარმოებისას. პერუ რამდენიმე ათასი სახეობის კარტოფილის სამშობლოდ ითვლება.