კრემლში შეშფოთებული არიან ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებისა და რუსეთის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის გამო, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის ანგარიშში, რომელსაც Financial Times-ის ჟურნალისტები გაეცნენ.

ანგარიშის მიხედვით, უკვე გაძლიერდა პუტინის დაცვა. კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაამკაცრა შემოწმებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეზღუდა პუტინის გადაადგილება და, ფაქტობრივად, გადაიყვანა იგი დაცული ბუნკერებიდან მუშაობის რეჟიმზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი აღარ ჩადის მოსკოვის ოლქსა და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში.

ანგარიშის მიხედვით, მკაცრად კონტროლდებიან ის თანამშრომლებიც, რომლებსაც პუტინთან წვდომა აქვთ. მათ აეკრძალათ ჩვეულებრივი ტელეფონებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, ხოლო მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის თანამშრომლების სახლებში დამონტაჟდა მეთვალყურეობის სისტემები.

მედიის ცნობით, "დესტაბილიზაციის პოტენციურ ფაქტორად" რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განიხილება, რადგან მისი ყოფილი პირველი მოადგილის, რუსლან ცალიკოვის დაპატიმრებამ "ელიტების უსაფრთხოების არაფორმალური გარანტიები შეარყია".

მედიის მიერ მოპოვებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთლიანობაში რუსეთში გაიზარდა შიდა კონფლიქტის რისკი, ფიქსირდება დაძაბულობის ზრდა ძალოვან სტრუქტურებს შორის, რომლებიც ერთმანეთს უკრაინული სპეცსამსახურების თავდასხმებისგან დაცვის ჩავარდნებში ადანაშაულებენ.