Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანია და საფრანგეთი მოითხოვენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინმსწრებ ფაზაში უკრაინას "სიმბოლური" ბენეფიტები გადაეცეს, რაც არ მოიცავს ხმის მიცემის უფლებებსა და სუბსიდიებს სოფლის მეურნეობაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასაც ცდილობს, თუმცა, ბლოკის უდიდესი წევრი სახელმწიფოები არ ემხრობიან ევროკომისიის წინადადებას, რომ უკრაინამ სწრაფი ბენეფიტები ნელი და ბიუროკრატიული გაწევრიანების პროცესის გარეშე მიიღოს.
გამოცემა Financial Times-ის მიერ ნანახი დოკუმენტის მიხედვით, გერმანია უკრაინისთვის "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას ემხრობა, რომლითაც უკრაინა მინისტერიალებსა და ლიდერების შეხვედრებზე დასწრებას შეძლებს, თუმცა, ხმის მიცემის უფლებები არ ექნება და ასევე ავტომატურად ვერ მიიღებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
FT წერს, რომ საფრანგეთი ასეთ წევრობას "ინტეგრირებული ქვეყნის სტატუსს" უწოდებს, რომლის ფარგლებშიც "სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკასა და კოჰეზიის ფონდის მსგავს ევროპულ დაფინანსებაზე წვდომა გაწევრიანების შემდგომ ფაზამდე უნდა გადაიდოს".
ევროკომისიის ორმა გავლენიანმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს განუცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ წარდგენილი საბოლოო წინადადება, "დიდი ალბათობით," ზემოხსენებულ დოკუმენტებში განხილული იდეების მსგავსი იქნება.
გერმანიის წინადადების მიხედვით, უკრაინისთვის ახალ სტატუსს "სიმბოლური ძალა ექნება სახელიდან გამომდინარე" და მისი მინიჭება ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, "ხანგრძლივი პროცედურებისგან" გვერდის ავლით.
"სიმბოლური ღირებულების მიღმა, ეტაპობრივი ინტეგრაციის ეს ახალი დონე შესაბამისი კანდიდატი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ძალზე თვალსაჩინო პროგრესს შესაძლებელს გახდის," – ციტირებს გამოცემა ფრანგულ დოკუმენტს.








