უკრაინაში ფოლადის 90%-ის მწარმოებელი სამი ქარხანა რუსული დარტყმების შემდეგ გაჩერდა. ამის შესახებ Financial Times წერს.
სექტემბრის დასაწყისში რუსულმა დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ბოლო სამი მსხვილი მეტალურგიული ქარხანა, რომლებიც ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის ოლქების სამრეწველო ცენტრებში მდებარეობს.
"დღეის მდგომარეობით, უკრაინას აღარ აქვს მეტალურგიული მრეწველობა", – განუცხადა გამოცემას "მეტინვესტის" გენერალური დირექტორის აპარატის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვოდოვიზმა.
"მათ ქარხნის შესახებ ყველაფერი იცოდნენ, ზუსტად იცოდნენ, სად უნდა დაერტყათ", – ამატებს ის.
ბალისტიკური რაკეტები მიზანში იღებდა სამი ქარხნის ღუმელებს, კერძოდ, "მეტინვესტის" ორ ქარხანასა და კრივოი-როგში მდებარე "არსელორმიტალის" საწარმოს. კომპანიებმა განაცხადეს, რომ ეს ქარხნები, რომლებზეც უკრაინაში ფოლადის წარმოების 90% მოდიოდა, იძულებულნი გახდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ.
"ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი ხანი დასჭირდება შეკეთებას – დღეები, კვირები, თვეები თუ წლები", – განუცხადა ვოდოვიზმა გამოცემას.
მან აღნიშნა, რომ ქარხნების გაჩერებამ, სადაც ჯამში 15 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკრაინის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე.




