გერმანია თავისი შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინაში შემუშავებული, იაფი საკრუიზო რაკეტების, "ბარსის" შესყიდვას აპირებს, - წერს Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.

პუბლიკაციის თანახმად, მოსალოდნელია, რომ გარიგება, რომლის ფარგლებშიც ბერლინი ბუნდესვერის მიერ ტესტირებისთვის ამ რაკეტების პირველ პარტიას შეიძენს, უახლოეს კვირებში გაფორმდება.

FT აღნიშნავს, რომ საუბარია რეაქტიული ძრავის მქონე რაკეტაზე, რომლის ფრენის მანძილი 1000 კმ-მდეა, ხოლო საბრძოლო ნაწილი, მოდიფიკაციის მიხედვით, 105 კგ-მდე იწონის. უკრაინული ონლაინგამოცემა "უნიანი" "ბარსს" "დამრტყმელ რაკეტადრონს" უწოდებს, თუმცა გერმანია შეიარაღების ამ ტიპს იაფ საკრუიზო რაკეტებს მიაკუთვნებს, - აზუსტებენ ჟურნალისტები.

პირველი შესყიდვა გერმანიის სამხედროებს შესაძლებლობას მისცემს, მომავალი წლის დასაწყისში რაკეტის ტექნიკური ტესტირება ჩაატარონ. თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, ეს გზას გაუხსნის რამდენიმე ასეული რაკეტისგან შემდგარი უფრო დიდი პარტიის შესყიდვას. ეს გეგმა გერმანიის მრავალმხრივი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის წინააღმდეგ ევროპული შეკავების პოტენციალის გაძლიერებას შორი მოქმედების დამრტყმელი შეიარაღების არსენალის გაზრდის გზით, - აღნიშნავს FT.

ივლისის დასაწყისში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ მან და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, Build with Ukraine ინიციატივის ფარგლებში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას "ბარსის" დრონების წარმოების შესახებ.

20 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში "ბარსი" იმ უკრაინულ შორი მოქმედების დამრტყმელ საშუალებებს შორის დაასახელა, რომლებიც მოსკოვის რეგიონში ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.

FT-ის მონაცემებით, გერმანიის სახსრებით გერმანიაში წარმოებული "ბარსის" რაკეტების პირველი პარტია უკრაინას ოქტომბერში მიეწოდა. ახლა კი ერთობლივმა საწარმომ წარმოება გერმანიისთვისაც უნდა დაიწყოს. ეს ბუნდესვერის საკუთარი საჭიროებისთვის უკრაინაში შემუშავებული შეტევითი შეიარაღების შესყიდვის პირველი ცნობილი შემთხვევა იქნება, - ხაზგასმულია FT-ის სტატიაში.