აშშ და რუსეთი, უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ ფართო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთის ნავთობის ბაზარზე ამერიკული კომპანიების შესაძლო დაბრუნებას განიხილავენ. ამის შესახებ Financial Times-მა (FT) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, სახალინის სანაპიროსთან ნავთობის მოპოვების ერთობლივი საწარმოს მუშაობა განახლდეს. გარდა ამისა, ამერიკული ნავთობგიგანტები, შესაძლოა, ნავთობსადენ "დრუჟბას" გავლით ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდებაში ჩაერთონ.
სხვა წინადადებებს შორისაა ამერიკული ავიაკომპანიებისთვის ტრანზიტისა და გადაფრენისთვის რუსეთის საჰაერო სივრცეზე წვდომის აღდგენა. გარდა ამისა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ, განაახლონ თანამშრომლობა ტიტანის - სამოქალაქო თვითმფრინავების საკვანძო კომპონენტის - წარმოებისა და მიწოდების სფეროში.
ომის დაწყების შემდეგ, კომპანია Boeing-მა რუსეთში ერთობლივი ტიტანის წარმოების საქმიანობა შეაჩერა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაცია მოახდინა.
გაზეთი წერს, რომ აშშ და რუსეთი ასევე განიხილავდნენ ნავთობგიგანტ "ლუკოილის" საერთაშორისო აქტივების თეთრ სახლთან დაკავშირებული ინვესტორებისთვის შესაძლო გაყიდვას. მისივე მონაცემებით, საუბარი იყო რუსული კომპანია "ნოვატეკის" მონაწილეობით ალასკაზე თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების პროექტზე, ასევე "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენების შენარჩუნებული მონაკვეთებით ევროპაში გაზის მიწოდების განახლებაზე.
თეთრი სახლი და კრემლი ასევე განიხილავდნენ კალიუმის სასუქების მიმართ ევროკავშირის სანქციების შემსუბუქებისა და ბალტიის ქვეყნების პორტების გავლით მათი ექსპორტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობას.
ბოლოს, შეეხნენ ადრე გახმოვანებულ იდეასაც, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვის ამერიკული ორგანიზაციისთვის გადაცემის შესახებ, რომელიც გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს.
FT-ის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარგზავნილი სტივენ უიტკოფი, სექტემბრის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის დროს, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პოტენციური ბიზნესგარიგებების შესახებ ესაუბრა.
გასულ კვირას, მოსკოვში შემდგომი ვიზიტის დროს, უიტკოფმა თავის ბლოკნოტში "ბიზნესგარიგებების" შესახებაც გააკეთა ჩანაწერი, - ირკვევა კრემლის პრესპულის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან.




