გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა კრემლის მიერ წინასწარგანზრახულ პროვოკაციად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს საჰაერო თავდაცვამ იმუშავა, მაგრამ არა იმდენად ეფექტურად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო საზღვრის მასიური დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ Politico იუწყება.

მერცის თქმით, ეს ინციდენტი რუსული პროვოკაციების მორიგი ეტაპი იყო, რომელიც ბალტიის რეგიონში და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თვეების განმავლობაში ფიქსირდებოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დრონებით თავდასხმა ევროპაში მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ადასტურებს მოსკოვის ქმედებების განზრახ ხასიათს.

მერცმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საჰაერო თავდაცვის სისტემის მდგომარეობას.

მისი თქმით, ინციდენტმა აჩვენა, რომ NATO-ს საჰაერო თავდაცვას ევროპაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სჭირდება.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვამ, NATO-ს საჰაერო თავდაცვამ, იმუშავა, მაგრამ ნამდვილად არა ისე კარგად, როგორც უნდა ყოფილიყო, რათა თავიდან აეცილებინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამდენი დრონის შეღწევა", - თქვა მან.

მისი აზრით, ეს მოკავშირეებისთვის სერიოზული სიგნალია, რაც ღრმა განხილვის მიზეზად უნდა იქცეს როგორც NATO-ში, ასევე ევროკავშირში.

"ჩვენ ვართ და ვიქნებით მტკიცე, მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ NATO-ს ევროპული ნაწილის საბრძოლო მზადყოფნა და თავდაცვითი შესაძლებლობები", - თქვა მერცმა.