გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს ისრაელის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას და შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება მალე მიიღოს.

კანადაში, კანანასკისში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გერმანულ მედიასთან ინტერვიუში მერცს ჰკითხეს, ელოდება თუ არა გერმანია აშშ-ს ჩართვას ისრაელის სამხედრო დარტყმებში. მან უპასუხა: „ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით“, – და აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, დაბრუნდება თუ არა ირანის რეჟიმი მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„მოვლენები შეიძლება, მართლაც ასე განვითარდეს, თუ არ დაბრუნდება, მაგრამ უნდა დაველოდოთ. გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში იქნება მიღებული“, – განაცხადა მერცმა.

„პოლიტოკოს“ მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აქტიურად ლობირებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რათა შეერთებული შტატები შეუერთდეს მის ქვეყანას და დაეხმაროს ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. ექსპერტები ამბობენ, რომ ისრაელი ვერ შეძლებს მიწისქვეშ განლაგებული ფორდოს ბირთვული ობიექტის განადგურებას აშშ-ის სამხედრო დახმარების გარეშე.

მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ირანის რეჟიმი მძიმე ზიანს განიცდის.

„ძნელად წარმომიდგენია, რომ რეჟიმი თავის ძველ ფუნქციებს დაუბრუნდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სამხედრო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ცოცხალი აღარაა“, – თქვა მერცმა.

თარგმანი: პირველი არხი