გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ გერმანული მედია ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომან პოზეკზე დაყრდნობით წერს.
პოზეკის თქმით, შაბათს ღამით და კვირას დილით ფრანკფურტში საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად 1300-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა, ხუთი კი გაძარცვეს. პოლიციამ 54 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა ასაკი 13-დან 29 წლამდეა.
ხელისუფლების ცნობით, ფრანკფურტში გამართულ საპროტესტო აქციებში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 1000-დან 1500-მდე პირი ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა. ამასთან, პოზეკმა აღნიშნა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მათ შორის არიან მიგრანტებიც.
ამასთან, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა გერმანიის ქალაქ კიოლნშიც.
„ვინც პოლიციელებს ქვებსა და პიროტექნიკას ესვრის, ფოიერვერკებს უშვებს და ქუჩებში არეულობას აწყობს, მას პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებს. ადამიანები, რომლებიც სახეს იფარავენ, არეულობა და ძალადობა სურთ. ამას გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა.




