საფრანგეთში აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და განუცხადა, რომ არ ჩაერევა საფრანგეთის შიდა საქმეებში.

ამის შესახებ ფრანგული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, როგორც ირკვევა, სატელეფონო საუბრის ინიციატორი ჩარლზ კუშნერი იყო და მან პირობა დადო, რომ არ ჩაერევა საფრანგეთის შიდა საქმეებში.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩის დაბარების მიზეზებს: საფრანგეთს არ შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი სახის ჩარევა ან მანიპულაცია ეროვნულ საჯარო დებატებში მესამე ქვეყნის მხრიდან. ელჩმა მიიღო ინფორმაცია, გამოხატა მზადყოფნა, რომ არ ჩაერევა ჩვენს საჯარო დებატებში და შეახსენა ის მეგობრობა, რომელიც საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს აკავშირებს“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ჟან-ნოელ ბარომ კუშნერი ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის მკვლელობასთან დაკავშირებული განცხადების გამო დაიბარა. კერძოდ, საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კვენტინ დერანკი ულტრამემარცხენეებმა მოკლეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კუშნერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოცხადდა.

ცნობისთვის, ჩარლზ კუშნერის ვაჟი, ჯარედ კუშნერი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზეა დაქორწინებული.

თარგმანი: პირველი არხი