ავიაკომპანია Flydubai-მ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს ყველა რეისი ისრაელის მიმართულებით და უკან, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ Boeing 737 MAX 8-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიების პერიოდში. "დროებითი შეჩერება შესაბამის ორგანოებს საშუალებას მისცემს, გააგრძელონ თავიანთი მუშაობა და დაადგინონ ინციდენტის ყველა გარემოება", — განაცხადა Flydubai-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ავიაკომპანია "მჭიდროდ აკოორდინირებს თავის ქმედებებს" არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობასა და სხვა "დაინტერესებულ მხარეებთან". ფრენების განახლების შესახებ გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე იქნება მიღებული, დასძინა მან.

დილის ინციდენტის შემდეგ, ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა მოითხოვა ავიაკომპანია Flydubai-ს ყველა რეისის გაუქმება ისრაელში. მან სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას მოუწოდა, გამოიძიოს, დაარღვია თუ არა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან საავიაციო შეთანხმება, რომელშიც მითითებულია, რომ ქვეყანაში დაშვების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პილოტებს, რომლებსაც ისეთ ქვეყნების პასპორტები აქვთ, რომელთაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ. ისრაელს ომანთან ასეთი ურთიერთობები არ აქვს.

Flydubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს FZ1073 დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:00 საათზე, გატაცების მცდელობის შესახებ განგაშის სიგნალის შემდეგ, საუდის არაბეთის ქალაქ თაბუქის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. მიზეზი, სავარაუდოდ, პილოტების კაბინაში მომხდარი ჩხუბი გახდა. ძირითადი ვერსიით, მეორე პილოტი თავს დაესხა ხომალდის მეთაურს და თვითმფრინავზე კონტროლის ხელში ჩაგდება სცადა. ორთაბრძოლის დროს, საუდის არაბეთის ტერიტორიის თავზე, თვითმფრინავი სულ რაღაც 29 წამში მკვეთრად დაეშვა — 9410 მეტრიდან 5105 მეტრამდე.

Boeing 737 MAX 8-ის ბორტზე 174 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 27 ბავშვი, რომელთა უმრავლესობა ისრაელის მოქალაქე იყო. ზოგიერთი მგზავრის თქმით, თავდაპირველად პილოტების კაბინიდან ყვირილი გაისმა, შემდეგ კაბინის კარი გაიღო და მათ დაინახეს, რომ ერთი პილოტი დაჭრილი იყო, მისი ტანსაცმელი კი — სისხლიანი. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს; ერთ-ერთი მგზავრი ექიმი აღმოჩნდა. ეკიპაჟის წევრებმა და რეისის მგზავრებმა თავდამსხმელის გაუვნებელყოფაც შეძლეს.

საუდის არაბეთში დაშვება ბორტზე მგზავრის სტატუსით მყოფმა ორმა სხვა პილოტმა განახორციელა. როგორც ტელეკომპანია CNN აღნიშნავს, თვითმფრინავი ორმა "სათადარიგო პილოტმა" დასვა, რომელთაც შემდეგი რეისი უნდა შეესრულებინათ. გაზეთი Israel Hayom წერდა, რომ ისინი უკრაინელი და რუსი იყვნენ. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ლაინერის დასმა შესაძლოა, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეებს განეხორციელებინათ.