ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Yle News წერს, რომ აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებმა ევროპას მიმართეს დახმარების თხოვნით ქვეყანაში სერიოზული კვერცხის დეფიციტთან გასამკლავებლად.
ფინური მეფრინველეობის ასოციაციის ცნობით, აშშ-დან მათ კვერცხის ექსპორტის საკითხთან დაუკავშირდნენ. თუმცა, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორმა Yle-სთან საუბრისას აღნიშნა, ამჟამად ამერიკაში კვერცხების ექსპორტი შეუძლებელია, რადგან აშშ-ს მთავრობასთან მარკეტზე წვდომასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ ყოფილა. შესაბამისად, ეს საკითხი შესაძლოა, შემოწმებებისა და კვლევების პროცესმა გააჭიანუროს.
Yle წერს, რომ ფინეთს აშშ-ში კვერცხის პროდუქციის ექსპორტი ეროვნულ დონეზე დაშვებული არ აქვს. ხოლო ფინური მეფრინველეობის ასოციაციის დირექტორის თქმით, კვერცხის ექსპორტზე შესაძლო გატანას ბევრი გამოძიება და რეგულაციების გადალახვა დასჭირდება, ვინაიდან ფინეთს აშშ-ში კვერცხები გასაყიდად არასდროს გაუტანია.
ამასთანავე, მან დაამატა, რომ ექსპორტის დაწყების შემთხვევაშიც კი, ეს აშშ-ს დიდად ვერ დაეხმარება დეფიციტის დაძლევაში.
"ფრინველის გრიპის გამო მილიონობით ფრინველის მოკვლა გახდა საჭირო. ჩვენ ფინეთში ჯამში 4 მილიონი კვერცხის დამდები დედალი ქათამი გვყავს. ის რაოდენობა, რისი ექსპორტიც შეგვიძლია, კვერცხის დეფიციტის აღმოფხვრაში ვერ დაეხმარებათ". - თქვა ასოციაციის დირექტორმა.
დანიური კვერცხის ასოციაციამ Reuters-თან განაცხადა, რომ საკითხს იკვლევენ, თუმცა დაამატეს, რომ ევროპაში კვერცხის სიჭარბე არ არის. დანიური ასოციაციის თქმით, აშშ-ში კვერცხის ექსპორტი დანიის შემთხვევაშიც რთული იქნება რეგულაციებიდან გამომდინარე.




