15 ივლისს ფინეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შესყიდვა ეკრძალებათ, რაც ფინეთის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება იმ ფონზე, როცა რეგიონში რუსეთის პოზიცია სულ უფრო აგრესიული ხდება.
აღნიშნული ინფორმაცია ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა X-ზე გაავრცელა. კანონპროექტი ფინეთის პარლამენტმა აპრილში მიიღო და ის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ქონების მიყიდვა დაბლოკოს იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფინეთის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, "ამ რეფორმის საჭიროება დიდი ხნის მანძილზე არსებობდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც კი."
"უკიდურესად მოხარული ვარ, რომ ეს კანონი საბოლოოდ მიღებულია და დღეს ძალაში შედის. ეს ეხება ფინეთის უსაფრთხოების გაძლიერებასა და ყველა სახის გავლენისთვის მომზადებას," დაამატა მან.
ამ კანონის ფარგლებში ფინეთის მთავრობამ რუსეთი და ბელარუსი ჩათვალა იმ ქვეყნებად, რომლებსაც ახალი კანონი შეეხებათ. გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, აქამდე ფინეთს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში შეეძლო რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის დაბლოკვა.