ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქების — კოტკასა და ჰამინას მახლობლად საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა დროებით შეზღუდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შესაძლო საფრთხეს უკავშირდება. 

ფინეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, მიღებული ზომები პრევენციულ ხასიათს ატარებს. გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონებით მიმდინარე თავდასხმებით არის განპირობებული, რა დროსაც არსებობს რისკი, რომ საფრენმა აპარატებმა კურსიდან გადაუხვიონ.  

შეზღუდვების მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ფინეთის საჰაერო სივრცეში შემთხვევით მოხვედრილი დრონების უსაფრთხო ჩამოგდება ან განეიტრალება.  

აკრძალვა მოიცავს ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილს, დასავლეთით მდებარე კაუნისაარის კუნძულიდან ჩრდილოეთით — ჰამინას პორტამდე.  

მსგავსი უსაფრთხოების ზომები რეგიონში გასულ კვირებშიც ამოქმედდა, როდესაც რუსეთის ობიექტებზე, კერძოდ სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე, საჰაერო იერიშები ხორციელდებოდა.  

ფინეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის მიმართ უშუალო სამხედრო საფრთხე არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ძალოვნები სრულ მზადყოფნაში რჩებიან, რათა მეზობელ ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საკუთარი საზღვრებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება დაიცვან.