ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა.
მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის დანიშნულია, ასევე, შეაჩერა USAID-ის თანამშრომლებისთვის მიცემული 30-დღიანი ვადა. ამ 1 თვეში სააგენტოს თანამშრომლები, აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯზე, სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მოსამართლის თქმით, ორივე ეს ქმედება USAID-ის თანამშრომლებს, მათ მეუღლეებსა და შვილებს უსაფუძვლო და არასამართლიან რისკსა და ფინანსურ ტვირთს შეუქმნიდა.
მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში 14 თებერვლამდე დარჩება.
დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, გაპრეზიდენტების პირველ დღესვე, ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების 90 დღის ვადით შეჩერებას გულისხმობდა. ბრძანების საფუძველზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა არსებული და ახალი საგარეო დახმარების პროგრამა შეაჩერა.