აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) აივ ინფექციის პრევენციის პრეპარატი დაამტკიცა. Gilead Sciences-ის საინიექციო პრეპარატი ლენაკაპავირი, აივ ინფექციის პრევენციისთვის ყოველ 6 თვეში ერთ ინექციას საჭიროებს.

პრეპარატი აშშ-ში სავაჭრო სახელწოდებით Yeztugo გაიყიდება და მისი წლიური დოზის ფასი 28 218 აშშ დოლარი იქნება.

Gilead-ის განცხადებით, ფასი კონკურენტულია აივ ინფექციის პრევენციის არსებულ პრეპარატების ფასთან და ისინი ითანამშრომლებენ სადაზღვევო კომპანიებთან, რათა პრეპარატის ფართო დაფარვა უზრუნველყონ. ამასთან, კომპანიის თქმით, გარკვეული პროგრამების ფარგლებში პრეპარატი, შესაძლოა,  უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი.

შიდსის აქტივისტების შეფასებით, ხანგრძლივი მოქმედების მქონე მედიკამენტის გამოჩენა იმედის მომცემია, რადგან ის გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე დღემდე არსებული აივ ინფექციის პრევენციის პრეპარატები, რომელთა მიღებაც ყოველდღიურად არის საჭირო.

ამასთან, მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ადამიანი არ შეწყვეტს მედიკამენტის მიღებას, თუ ეს წელიწადში ორჯერ იქნება საჭირო და არა ყოველდღიურად.