ევროპის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივები უნდა მიემართოს უკრაინისთვის კომპენსაციის გადასახდელად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ორ სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელთა თანხამ "პოტენციურად შესაძლოა, მიაღწიოს მილიარდებს, ათეულობით ან ასეულობით მილიარდ ევროს", - მოუწოდებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც 30 სექტემბერს, სტრასბურგში მიიღეს.
ასამბლეა იძლევა რეკომენდაციას, ევროსაბჭოს ეგიდით შეიქმნას სპეციალური "დაფინანსების მექანიზმი", სადაც შესაძლებელი იქნება გადაპროფილებული რუსული აქტივების გადარიცხვა, რომლებიც მოხმარდება უკრაინისთვის კომპენსაციების გადახდას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, რუსეთის წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლად ცნო ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ყირიმში. მეორე — "უკრაინა და ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ" — ეხებოდა დონბასში 2014 წლიდან განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, MH17 რეისის ჩამოგდებულ თვითმფრინავსა და 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას.
ორივე ამ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ "ჩადენილი დარღვევების ხასიათი და მასშტაბები უპრეცედენტო იყო ევროსაბჭოს ისტორიაში", რადგან რუსეთმა დაარღვია ევროსაბჭოს ფუნდამენტური ღირებულებები და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის საფუძვლები.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ სახელმწიფოთაშორის საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის განსაზღვრის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, უკრაინისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბების გათვალისწინებით, თანხებმა პოტენციურად, შესაძლოა, მიაღწიოს მილიარდებს, ათეულობით მილიარდს ან ასეულობით მილიარდ ევროს", — ნათქვამია დოკუმენტში.
ამის გათვალისწინებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გადამისამართება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციების გადასახდელად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად კანონიერ საპასუხო ზომას წარმოადგენს.




