436 ხმით 145-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია და ანგარიში მიიღო. რეზოლუციის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუცია სრულ სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც დემოკრატიული უკუქცევის ფონზე აგრძელებენ ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.
"საქართველოში დემოკრატიული უკუქცევის სერიოზული გაგრძელების გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ, რომ მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების შესაჩერებლად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობით მკაცრად უნდა იყოს შესამჩნევი დემოკრატიული უკუსვლის, შეზღუდვებისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო რუსული სტილის დეზინფორმაციის კურსის შესაჩერებლად ხელშესახები და ნაბიჯების გადადგმა", - წერს ევროკომისია.
რეზოლუციის მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს თქმით, "უნდა გადავიდეთ კოორდინირებულ, ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე".
"ქართული ოცნების" რეჟიმი აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლას, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მეტი პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის, დაკავებას. ეს მიუღებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ კოორდინირებული ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებაზე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებსა და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე", - განაცხადა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.




