ევროპარლამენტარები სერბეთში გასული წლის დეკემბერში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დროს ხმების გაყალბების ფაქტზე დამოუკიდებელი საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ გამოძიების დაწყებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ბელგრადი ბრიუსელთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს და დადასტურდება რომ ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობდა ამომრჩეველთა მოსყიდვაში, ფინანსური დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ.

დეპუტატები რეზოლუციაში (461 ხმა 53-ის წინააღმდეგ) „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამენ დამკვირვებლების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების შესახებ. გარდა ამისა, აცხადებენ, რომ შესაძლებელია დარღვევებმა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობის საკითხიც შეარყიოს.  

სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გასული წლის დეკემბერში ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები გაყალბდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო ყუთებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების ჩაყრის ფაქტები. გარდა ამისა, კენჭისყრის პროცესი იყო „პრეზიდენტის გადამწყვეტი ჩართულობით დომინირებული, რომელიც მმართველი პარტიის სისტემურ უპირატესობებთან ერთად, უსამართლო პირობებს ქმნიდა".

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგმო. ასევე, სერბეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპარლამენტში მისვლისთვის გააკრიტიკა და აღნიშნული რეზოლუციის ლობირებაში დაადანაშაულა.

„მე არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად სკანდალურია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია“, - ანა ბრნაბიჩი.