ამის შესახებ ინფორმაციას „ტაგესშაუ“ აქვეყნებს.
დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრის (ECDC) განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უახლესი მონაცემები სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციების რეკორდულ რაოდენობაზე მიუთითებენ,
კარგი ამბავი მხოლოდ ერთია: „ქლამიდიოზის შემთხვევების შემცირებას ვხედავთ“, - ამბობს ECDC-ის ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში ოტილია მარდი.
მიუხედავად ამისა, ქლამიდია კვლავ ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციად რჩება. თუმცა, გონორეის შემთხვევების რაოდენობა 2015 წლიდან სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მისი გამომწვევი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ECDC-ის მონაცემები შემაშფოთებელია, რადგან ამ დაავადებებისგან თავის დაცვა სინამდვილეში შედარებით მარტივია.
„ყველა შემთხვევის პრევენცია შეიძლებოდა შესაბამისი სექსუალური ქცევით, როგორიცაა პრეზერვატივის გამოყენება“, - ამბობს მარდი.
„სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები შეშფოთების საგანია, რადგან არანამკურნალებმა გონორეამ ან ქლამიდიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციების შედეგების გაგება“.
განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სექსუალურ პარტნიორებს. ექსპერტის თქმით, მათ შორის არიან მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან. „გარდა ამისა, ბოლო წლებში გონორეის შემთხვევები იზრდება ახალგაზრდებში“, - აცხადებს მარდი და დასძენს:
„მაგრამ ყველაზე მეტად გვაშფოთებს სიფილისის შემთხვევების ზრდა როგორც მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, ასევე რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებში. შედეგად, სიფილისის მრავალი შემთხვევა ფიქსირდება ჯერ არ დაბადებულ ბავშვებში“.




