ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 21-ე სანქციების პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2026 წლის 23 ივლისს დამტკიცდა, რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი უმსხვილესი ენერგოკომპანია სსს "Inter RAO UES" სანქცირებულ სუბიექტთა სიაში შეიყვანა.
ევროკავშირის საბჭოს განმარტებით, "ინტერ რაო" წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგოკომპანიას, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1.36 ტრილიონ რუბლს მიაღწია და რომელსაც დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კომპანია პირდაპირ აფინანსებს რუსეთის ბიუჯეტს დივიდენდებისა და გადასახადების სახით. გარდა ამისა, მის დირექტორთა საბჭოში ირიცხებიან უკვე სანქცირებული პირები, მათ შორის "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული იგორ სეჩინი და რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი დმიტრი შუგაევი.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დასაბუთება ვრცლად არის განმარტებული:
"მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი როლისა და სახელმწიფოს კონტროლის გათვალისწინებით, სსს "ინტერ რაო" მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთ საკვანძო სექტორში. რუსეთის ფედერაციის მთავრობა კი იღებს კომპანიის შემოსავლების ნაწილს გადასახადებისა და მისი მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების მეშვეობით. შესაბამისად, "ინტერ რაო" ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე."




