ევროკავშირი 5,5 მილიონი ევროს მოკლევადიან, საგანგებო დახმარებას გაუწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL). ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა.
"ეს "რადიო თავისუფალი ევროპის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას ხელს შეუწყობს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა კაია კალასმა.
კალასის განცხადებით, ამჟამად ევროკავშირი ვერ შეძლებს "რადიო თავისუფლების" დაფინანსების დეფიციტის სრულად შევსებას, მაგრამ შეუძლია მის საქმიანობას დაეხმაროს ევროკავშირის სამეზობლოში. მათ შორის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ამასთან, კალასმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს რადიო თავისუფლებისთვის გრძელვადიანი დახმარების გაწევასაც.
გლობალური მედიის სააგენტოს(USAGM) დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას" გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.








