Euronews ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო მომავალ კვირაში ჩანიშნულ ევროკავშირის შეხვედრებს არ დაესწრებიან.

ტელეარხის წყაროების ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი, რომელიც 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტია Tisza-მ  სუპერუმრავლესობით დაამარცხა, კვიპროსში ჩანიშნულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტს არ დაესწრება.

მათივე ცნობით, პეტერ სიარტო ლუქსემბურგში ჩანიშნულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე არ მივა.

ცნობისთვის, მანამდე Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.

WP-ს მიხედვით, სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად ურეკავდა ლავროვს და აძლევდა "პირდაპირ ცნობებს, თუ რა განიხილეს". წყაროს თქმით, უზიარებდა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც. მოგვიანებით სიარტომ დაადასტურა, რომ ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების დროს ხშირად უკავშირდება.