ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
"რუსეთი ესხმის თავს უკრაინულ პორტებს, ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს და შემდეგ საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი მას ასეთ მარშრუტს არ მისცემს", — ნათქვამია პოსტში.
დიპლომატმა გაახსენა საზოგადოებას, რომ სექტემბერში მან უკვე გააფრთხილა ყველა, რომ "ესტონეთის გავლით რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირების გეგმები არ შეედგინათ. და აი დღეს, ჩვენ ეს კანონად ვაქციეთ", — შეაჯამა ცაჰკნამ.
საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ესტონეთი ლიეტუვასა და ლატვიასთან ერთად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ "ბალტიისპირეთის პორტები არ იქნეს გამოყენებული რუსეთისთვის ტრანზიტულ მარშრუტებად".
"რუსეთს არ შეუძლია, აწარმოოს აგრესიული ომი და იმედი ჰქონდეს, რომ ჩვენ დავეხმარებით მას სავაჭრო ნაკადების შენარჩუნებაში. ჩვენ არ დავეხმარებით მისი ომის დაფინანსებასა და შემდგომი აგრესიის განხორციელების გამარტივებაში", — განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




