ესტონეთი დარწმუნებულია, რომ აშშ დაეხმარება დაცვაში, თუ რუსეთი მას თავს დაესხმება. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.  ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპა ჯერ მზად არ არის, რომ მოსკოვს დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს.

ესტონეთის დაზვერვამ თებერვალში გაავრცელა გაფრთხილება, რომ მისი მეზობელი რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მომავალი ომებისთვის უკვე აგროვებს საბრძოლო მასალას. რუსეთი კი უარყოფს ევროპელი ლიდერების ბრალდებებს, რომ ის შესაძლოა NATO-ს დაესხას თავს და მათ "აბსურდს" უწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-მა ნატო დატოვოს, თუ ევროპელი წევრები უარს იტყვიან გემების გაგზავნაზე ირანის მახლობლად, ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით. ალიანსი ასევე მანამდე შეშფოთებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რომელიც ითვალისწინებდა  გრენლანდიაზე აშშ-ის შესაძლო კონტროლის დამყარებას.

თუმცა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Reuters-თან განაცხადა , რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ დაიცავს ესტონეთს, თუ რუსეთი მას თავს დაესხმება.

"დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, ვენდობი ყველა ჩვენს მოკავშირეს", - თქვა მან ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, აშშ-ს სჭირდება ევროპა სამხედრო თვალსაზრისით ისევე, როგორც ევროპას სჭირდება აშშ, ამიტომ "არ მგონია, რომ ნატო დაიშლება". თქვა თავდაცვის მინისტრმა.

მან NATO-ში არსებული დღევანდელი დაძაბულობა შეადარა ხანგრძლივ ქორწინებას:

"50 წელი მხოლოდ მშვიდი და უპრობლემო არ არის. არის განსხვავებები და პრობლემები, და მათი გადაჭრა საჭიროა ერთად", - აღნიშნა პევკურმა.

მისი თქმით, ევროპა ჯერ არ არის მზად, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებლად წინ აღუდგეს მოსკოვს.

"ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ? - არა. ყველას (NATO-ში) მეტი ინვესტიცია გვჭირდება თავდაცვაში", -  თქვა მან.