ესპანეთში, ურდას დასახლებაში მდებარე სადგურთან ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ რეგიონულმა მთავრობამ განაცხადა.
დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, — იუწყება სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ არიან დაშავებულებიც, რომელთა ზუსტი რაოდენობაც დგინდება.
როგორც ოპერატორმა Adif-მა დააზუსტა, საუბარია სარკინიგზო ხაზზე, რომელიც მადრიდს სამხრეთ რეგიონთან — ანდალუსიასთან აკავშირებს. მოძრაობა შეჩერებულია.
ერთმანეთს სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Renfe-ისა და კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებლები შეეჯახნენ. Iryo-ს ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. Adif-ის წყაროების ცნობით, ერთი შემადგენლობა მეორის ბოლოს შეეჯახა. ორივე მატარებელი სამხრეთის მიმართულებით, ანდალუსიისკენ მოძრაობდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შოკირებულია ტოლედოში მომხდარი მძიმე სარკინიგზო ავარიით და გამოხატა თავისი თანაგრძნობა, სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა დაზარალებულისა და მათი ოჯახების მიმართ.
სანჩესმა დღის წესრიგი გააუქმა. ესპანეთის ოპოზიციურმა სახალხო პარტიამაც გააუქმა ყველა წინასაარჩევნო ღონისძიება. ესპანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 29 ნოემბერს გაიმართება.




