ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფა 28 ოქტომბერს, ტოლედოს პროვინციაში, დასახლება ურდას მახლობლად, მადრიდი-სევილიის ჩქაროსნულ ხაზზე მოხდა. სამგზავრო მატარებელი AVE 2080 დაეჯახა ლიანდაგზე მდგომი მატარებლის Iryo 6076-ის ბოლო ვაგონს.

კატასტროფის შედეგად მინიმუმ 68 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები, შესაძლოა, ჯერ კიდევ რელსებიდან გადაჩეხილი ვაგონების ქვეშ იყვნენ. დაკარგულთა შორისაა ყოფილი მინისტრი ფატიმა ბანიესი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 50-ზე მეტია, ამასთან 15 მათგანი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები ტელეარხებთან ინტერვიუებში "ჯოჯოხეთის სცენებს" აღწერენ. მატარებლების შეჯახების დროს დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები თავიანთი სავარძლებიდან პირდაპირი გაგებით გადმოცვივდნენ. პირველები ადგილზე უახლოესი მშენებლობიდან მუშები მივიდნენ. მათ ადამიანები ვაგონის ფანჯრებიდან ამოჰყავდათ.

მალევე კატასტროფის ადგილზე მივიდნენ მაშველები - სამხედროები და სამოქალაქო პირები, მობილიზებული იყო სანიტარიული ვერტმფრენები. ადამიანები ძირითადად ქალაქ ტოლედოს საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ბევრი ესპანელი სისხლის გადასხმის პუნქტებისკენ გაეშურა, რათა დაშავებულებისთვის სისხლი ჩაებარებინა. ქვეყანაში შეჩერდა ახლად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია. მადრიდელმა მედიკოსებმა შეწყვიტეს გაფიცვა და ზოგიერთი მათგანი ნებაყოფლობით გაემართა ტოლედოს საავადმყოფოებში ადგილობრივი კოლეგების დასახმარებლად. მოსახლეობა მომხდარით შოკირებულია.

ტრანსპორტის მინისტრს ოსკარ პუენტეს, რომელიც მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა, მიაჩნია, რომ კატასტროფა ორი ფაქტორის: ტექნიკურისა და ადამიანურის გამო მოხდა. პირველ რიგში, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა ელექტრონული უსაფრთხოების სისტემის, LZB-ს გაუმართაობა, რომელიც აჩერებს მატარებლებს ხაზზე რაიმე დაბრკოლების გამოჩენის შემთხვევაში. ეს სისტემა ავტომატურად მუშაობს და არ არის დამოკიდებული მემანქანის მოქმედებებზე. ამჯერად, სისტემის გაუმართაობის გამო, 63 კმ-იან მონაკვეთზე მყოფი 8 მატარებელი გააჩერეს.

შემდეგ გაიცა განკარგულება დამუხრუჭების მექანიკურ სისტემაზე გადასვლისა და მოძრაობის გაგრძელების შესახებ. თუმცა, Iryo 6076 გაურკვეველი მიზეზით ადგილზე რჩებოდა, ხოლო მის უკან მომავალი AVE 2080 დისპეტჩერის მიერ ამის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილა. გარდა ამისა, შემადგენლობას მოძრაობის გაგრძელების საშუალება მისცეს, მიუხედავად წითელი შუქისა და თანაც ჩვეულებრივი სიჩქარით - 200 კმ/სთ-ით, თუმცა მსგავს შემთხვევებში (სისტემის გაუმართაობის გამო გაჩერების შემდეგ) წესით, შემცირებული სიჩქარით უნდა იმოძრაონ.