კატალონიის უზენაესმა სასამართლომ "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში დამნაშავედ ცნო გაუპატიურებაში და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. Reuters-ის ცნობით, ფეხბურთელს დაზარალებულისთვის 150 ათასი ევროს გადახდაც დაეკისრა.
„არსებობს სხვა საფუძველიც, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომ გაუპატიურება დადასტურებულად ჩაითვალოს“, - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
ქალმა, რომლის სახელიც არ გახმაურებულა, ალვეშს ბარსელონას ღამის კლუბის საპირფარეშოში გაუპატიურებაში 2022 წლის დეკემბერში დაადანაშაულა. ფეხბურთელი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებოდა. დაკავებიდან მალევე მექსიკურმა კლუბმა "პუმასმა", სადაც იმ დროს ალვეში თამაშობდა, მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
ფეხბურთელმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა: თავიდან თქვა, რომ არ იცნობდა მოსარჩელე ქალს; შემდეგ აღიარა, რომ ისინი კლუბში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამტკიცებდა, რომ მათ შორის არაფერი მომხდარა; საბოლოოდ თქვა, რომ სქესობრივი კავშირი შეთანხმებული იყო.
40 წლის დანი ალვეში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელად ითვლება. ორჯერ მოიგო უეფას თასი, სამჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ექვსგზის ჩემპიონი, იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის ჩემპიონი. სხვადასხვა დროს თამაშობდა ესპანურ კლუბებში "ბარსელონასა" და "სევილიაში", იტალიურ "იუვენტუსში", ფრანგულ კლუბში და სხვაგან.