ტყის ხანძრები გაჩნდა ჩრდილოეთ ესპანეთსა და სამხრეთ საფრანგეთში. ამის გამო, სამშაბათს, 8 ივლისს, დაიხურა აეროპორტი საფრანგეთის ქალაქ მარსელში. მასშტაბური ოპერაციის წყალობით, რომელშიც 800 მეხანძრე და ცეცხლის ჩაქრობის თვითმფრინავები იყო ჩართული, ხანძრის კონტროლი მოხერხდა, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაიომ.

წინასწარი მონაცემებით, მარსელში მსხვერპლი არ არის, ამავდროულად, მსუბუქად დაშავდა 110 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 30 მეხანძრე და პოლიციელი. ცეცხლი 700 ჰექტარზე გავრცელდა და 63 საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, მათგან 10 მთლიანად დაიწვა. 400 ადამიანი იქნა ევაკუირებული. გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში შეეცდებიან.

ესპანეთის დიდი ნაწილი ტყის ხანძრებისთვის მზადყოფნის მდგომარეობაშია. ქვეყანაში დაფიქსირდა ყველაზე ცხელი ივნისი მეტეოროლოგიური დაკვირვებების დაწყების შემდეგ. განსაკუთრებით სერიოზული იყო სიტუაცია კატალონიის რეგიონში, სადაც ტყის ხანძრებმა გაანადგურა მცენარეულობა სამი ათასი ჰექტარის ფართობზე. ხანძრის ჩაქრობაში 300-ზე მეტი მეხანძრე და სამხედრო იყო ჩართული, თუმცა ოპერაციას ძლიერი ქარი ართულებდა. კატალონიის მუნიციპალიტეტ ტარაგონაში, ხანძრების საშიშროების გამო, ხელისუფლებამ 18 ათას ადამიანს მოუწოდა, არ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები.

ევროპული ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის (Effis) მონაცემებით, 2022 წელს ესპანეთი ევროპაში ტყის ხანძრების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა გახდა. იმ წელს 500 ხანძრის შედეგად 300 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის მცენარეულობა დაიწვა. 2025 წელს ესპანეთში უკვე განადგურებულია დაახლოებით 21 ათასი ჰექტარი.