ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა, ესპანურ გაზეთ „ელ პაისის“ მიერ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომში მონაწილე ამერიკული თვითმფრინავებისთვის ესპანეთის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
მთავრობამ სამხედრო ოპერაციის დასაწყისიდანვე „ძალიან ნათლად“ განუცხადა აშშ-ს, რომ ესპანეთი არ დაუშვებდა მისი ბაზების ან საჰაერო სივრცის გამოყენებას ომთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. „ესპანეთს არანაირ გარემოებაში არ დაუშვია და არც დაუშვებს როტასა და მორონში ბაზების გამოყენებას ომისთვის, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომლისაც არ გვჯერა და რომელსაც ძალიან უკანონოდ და ძალიან უსამართლოდ მივიჩნევთ“, - ხაზგასმით აღნიშნა რობლესმა.
ესპანური მედია აღნიშნავს, რომ, მას შემდეგ, რაც ესპანეთის მთავრობამ ომში მონაწილე ამერიკული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის ბრძანება გასცა, თეთრმა სახლმა ესპანეთს უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ სჭირდება მისი ან სხვა რომელიმე ქვეყნის დახმარება ირანში სამხედრო ოპერაციისთვის.
„აშშ-ის სამხედრო ძალები ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში ყველა მიზანს და უფრო მეტსაც კი აღწევს არ საჭიროებს ესპანეთის ან სხვა ვინმეს დახმარებას“, - განუცხადა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ესპანეთის საინფორმაციო სააგენტოს.




