თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს ტრიბუნიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ისაუბრა და ისრაელის მოქმედება „ჩვენი ეპოქის ყველაზე არაადამიანურ, ყველაზე სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტად“ შეაფასა

ერდოღანმა მოხსენების მთავარი ნაწილი ღაზას დაუთმო. მისი თქმით, ანკლავი დღეს არა მხოლოდ სასაფლაოა, არამედ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ამპუტაციის მაჩვენებლის მქონე ტერიტორიაც. მან კვლავ გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისი - „მსოფლიო ხუთზე მეტია“.  

მან ასევე ისაუბრა სირიაზე და აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ გააგრძელებს მეგობარი სირიელი ხალხის მხარდაჭერას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა, რომელიც თურქეთს თავისი უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერ იქნება უფრო უსაფრთხო და ისაუბრა იმ ტენდენციაზე, რაც დასავლეთში იკიდებს ფეხს.

მისი თქმით, დასავლეთში ჭირივით გავრცელდა ისლამოფობია და ბოლო წლებში, ზოგიერთ ქვეყანაში, მუსლიმი ქალები მზარდ დისკრიმინაციას აწყდებიან.

„სკოლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვას ქალთა ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმად მივიჩნევთ“, ხოლო „ქსენოფობია, კულტურული რასიზმი და ანტისემიტიზმი ასევე ტოქსიკური ტენდენციებია, რომელთა წინააღმდეგაც გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო“ - განაცხადა ერდოღანმა.

განსაკუთრებულად ემოციური ერდოღანი ღაზაზე საუბრის დროს იყო:

„ჩვენ წინაშეა მკვლელობით ვერ გამაძღარი, გენოციდური აზროვნება. საწვავის დეფიციტის გამო, საავადმყოფოების გენერატორების 70%-ზე მეტი ამჟამად მწყობრიდან გამოდის. როგორც მამამ და ბაბუამ, რომელიც ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს აღმერთებს, მძიმე გულით უნდა განვაცხადო: ღაზა არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე დიდი სასაფლაოა, არამედ რეგიონიც, სადაც ამპუტაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღაზა ჩვენი დროის ყველაზე არაადამიანური და სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტაა“.

წყარო: „ჰურიეთი“

მოამზადა რაულ კაპანაძემ