საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, Telegram-ის დამფუძნებელი, რუსული წარმომავლობის მილიარდერი პაველ დუროვი პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაუპატიმრებიათ.

"დუროვის საფრანგეთის მიწაზე დაპატიმრება იყო ნაწილი მიმდინარე სამართლებრივი გამოძიებისა", - წერს მაკრონი პლატფორმა X-ზე და დასძენს: "ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეთა საქმეა".

დუროვი პარიზთან ახლოს მდებარე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, დუროვი ეჭვმიტანილია 12 დანაშაულთან კავშირში, მათ შორისაა კიბერდანაშაულები, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარირების გარეშე.

25 აგვისტოს კომპანია Telegram-მა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ დუროვს "დასამალი არაფერი აქვს" და რომ კომპანია ელოდება "ვითარების სწრაფად მოგვარებას".