საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შეგდა. მხარეები ფრანგულ-ჩინური ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დავადასტურე საფრანგეთის სურვილი ჩინეთთან ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელების შესახებ. ამ კუთხით ჩინური ინვესტიციები მისასალმებელია საფრანგეთში. შესაბამისად, ჩვენმა კომპანიებმა უნდა ისარგებლონ სამართლიანი კონკურენციის პირობებით ორივე ქვეყანაში. ეს არის ძირითადი საკითხი“, – წერს მაკრონი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კონიაკის საკითხზე. ლიდერები შეთანხმდნენ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაზე.

უკრაინაში რუსეთის ომის საკითხზე მაკრონმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა იზიარებს ერთნაირ მიზნებს.

„ჩვენ ვიზიარებთ ერთნაირ მიზანს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საკითხზე: ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობა. ეს იწყება დაუყოვნებელი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ საფრანგეთში გასულ წელს მისი ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის თანამშრომლობამ დიდი პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს.

როგორც ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი აცხადებს, სი ძინპინის განმარტებით, ორივე მხარემ უნდა გააძლიეროს სტრატეგიულ კომუნიკაცია და გააღრმავოს თანამშრომლობა ინვესტიციების, ავიაციისა და ბირთვული ენერგეტიკის სფეროებში.

მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის განიხილავს ევროპას, როგორც დამოუკიდებელ პოლუსს მრავალპოლუსურ მსოფლიოში და მხარს უჭერს ევროკავშირის უფრო მეტ სტრატეგიულ ავტონომიას.

„ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს ევროკავშირთან გლობალური გამოწვევების დასაძლევად და ისეთი შედეგების მისაღწევად, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც ქვეყნებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის“, – წერს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

თარგმანი: პირველი არხი