გრენლანდიის მზარდი მნიშვნელობის ნიშნად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს არქტიკულ კუნძულს ეწვევა, რაც ექსპერტების აზრით, ევროპული ერთიანობის დემონსტრირება და დონალდ ტრამპისთვის სიგნალია. ამის შესახებ BBC წერს.
დედაქალაქ ნუუკში ამ დილით ჩასულ მაკრონს ცივი და ქარიანი ამინდი დახვდება, მაგრამ მიუხედავად სიცივისა, მას თბილად მიესალმებიან.
ნუუკი პატარა ქალაქია, 20 000-ზე ნაკლები მოსახლით და მსოფლიო ლიდერის და მისი თანმხლები პირების ჩასვლა მნიშვნელოვანი მოვლენაა.
საფრანგეთის პრეზიდენტი პირველი მაღალი რანგის ლიდერია, რომელიც გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა მიიწვია. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ჩრდილო ატლანტიკისა და არქტიკის უსაფრთხოებაზე, ასევე კლიმატის ცვლილებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კრიტიკულ მინერალებზე, სანამ მაკრონი კანადაში G7-ის სამიტზე გაემგზავრება.
იქ ასევე ჩავა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, მან საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს უწოდა "ევროპული ერთიანობის კიდევ ერთი კონკრეტული დასტური ბოლო თვეების რთული საგარეო პოლიტიკური ვითარების ფონზე".
რამდენიმე თვის განმავლობაში გრენლანდია, რომელიც არის ნახევრად ავტონომიური დანიის ტერიტორია 56 000 მოსახლით, იმყოფება ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს შეიძინოს მინერალებით მდიდარი კუნძული, ამერიკული უსაფრთხოების მოტივით და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას.
საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააპროტესტა და ჯარების განლაგების შეთავაზებაც კი წამოაყენა, რაზედაც დანიამ უარი თქვა. სულ რამდენიმე დღის წინ ნიცაში გაეროს ოკეანეების კონფერენციაზე მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ოკეანე არ არის გასაყიდი, გრენლანდია არ არის გასაყიდი, არქტიკა და სხვა ზღვები არ არის გასაყიდი".