ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „გარდიანი" წერს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში, ელიტურ სპეცრაზმელთა რიგით მეხუთე ყოველწლიურ (2021 წელს პანდემიის გამო არ ჩატარებულა - „აიპრესი") თამაშებში, რომელსაც სპეცრაზმელთა ოლიმპიურ თამაშებადაც მოიხსენიებენ, უკრაინაში მებრძოლ ჩეჩენთა სპეცრაზმთან ერთად პირველობისთვის აშშ-ის ორი და კანადის სპეცრაზმიც იბრძოდა.

სპეცრაზმელთა შეჯიბრებაში აშშ-ის და კანადის სპეცრაზმელთა გუნდებთან ერთად მონაწილეობდნენ სპეცრაზმელები აზერბაიჯანიდან, ალბანეთიდან, ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან, უნგრეთიდან, სერბეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

48 ქვეყნის 87 გუნდს შორის პირველი და მეორე ადგილი დუბაის სპეცრაზმელთა გუნდებმა დაიკავეს, მესამე კი ყაზახეთის გუნდმა.

ჩეჩნეთის სპეცრაზმმა, რომელიც მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლით არის ცნობილი, გუნდური მე-8 ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს პრესით გავრცელებულ განცხადებაში ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მადლობა გადაუხადა სპეცრაზმელებს და მათ ლიდერ ზამიდ ჩალაევს და აღნიშნა, რომ ლიდერთა შორის მყოფმა ჩეჩნეთის სპეცრაზმმა მსაჯების მიერ გამოჩენილი არაობიექტურობის გამო უარი თქვა დასკვნითი დღის ასპარეზობებში მონაწილეობაზე.

საინფორმაციო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ შეჯიბრების პირველ დღეს ერთ-ერთ სახეობაში გამარჯვებული ჩეჩნეთის სპეცრაზმის დაჯილდოების ცერემონიალზე, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია, მედლის მისაღებად პირველი რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟი ადამი გავიდა.